თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შარტავას ქუჩის N16-ის მიმდებარედ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. სამუშაოები ასევე მოიცავს გამწვანების ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიაზე ხე-მცენარეები დაირგვება.
„დავიწყეთ კიდევ ერთი სივრცის მოწესრიგება ჟიული შარტავას ქუჩაზე. სამუშაოების ფარგლებში, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება, გათვალისწინებულია ხე-მცენარეების დარგვა, სარწყავი სისტემის მოწესრიგება. დამონტაჟდება განათების ბოძებიც და შეიქმნება სასიამოვნო გარემო დასვენებისთვის. დიდი ტერიტორია არ არის, თუმცა რაც არის, მაქსიმალურად მოწესრიგდება და გალამაზდება ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, განახლდება საპარკო ავეჯი, რის შედეგადაც სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და კომფორტულ რეკრეაციულ სივრცედ გადაიქცევა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 600 000 ლარამდეა, 2 100 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.
დედაქალაქის მერთან ერთად პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.










