თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს. პირველ ეტაპზე ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და გარე განათება მოეწყობა. ასევე დაგეგმილია 14 426 ნერგის დარგვა. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„ხუდადოვის ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფართობი დაახლოებით 100 ჰექტარია. აქ გვაქვს გარკვეული პრობლემები იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად იყრება სამშენებლო ნაგავი. ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა დადეს ამ ტყე-პარკის განვითარების ძალიან კარგი კონცეფცია და სამუშაოები რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ ვრცელ ტერიტორიაზეა ლაპარაკი, 3-4 წელი დაჭირდება მის მოწესრიგებას. პირველი ეტაპის სამუშაოები დაწყებულია. ეს არის ძირითადი გზა, რომელიც კეთდება, გარდა ამისა, მოეწყობა ღამის განათება, დაირგვება ხე-მცენარეები, ქვედა ზონაში მოეწყობა ატრაქციონები პატარებისთვის, ასევე საფეხბურთო, საკალათბურთო, ჩოგბურთის და პადელის მოედნები. ძალიან დიდი ტერიტორიაა, რომელსაც ჭირდება სწორად ათვისება. ტყეში მაქსიმალურად შენარჩუნდება მისი ბუნებრიობა, თუმცა იქნება მეტად მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოებს ასევე გაეცნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ჩიკვილაძე.
ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შადრევანი, კაფე, სპორტული და საბავშვო მოედნები, ამფითეატრი, ავტოსადგომი, ცხოველების სასეირნო სივრცე და ველოსპორტისთვის განკუთვნილი ბილიკები. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3 600 000 ლარს შეაგდენს.