თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებასა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა კომიტეტს კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით წარუდგინა და ცვლილებების არსი გააცნო.
მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ელექტრონული სწავლების მუხლი ჩამოყალიბდება ახლებურად.
პროექტის მიხედვით, ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება. შესაძლებელი იქნება მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.
პროექტის თანახმად, მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ცვლილების შესაბამისად შემოღებული იქნება არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა, სადაც ჩაბარება შესაძლებელი იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე და ამ შემთხვევაში გრანტი არ გაიცემა. ასევე, მისი დასრულება სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების საფუძველი არ იქნება. არანაკლებ 60-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას სტუდენტისთვის მხოლოდ 1 წლით გადავადდება ჯარი.
პროექტით უმაღლესი სასწავლებლების დასახელებიდან ამოღებული იქნება „სასწავლო“ დაწესებულების ცნება.
კანონპროექტთა პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.