მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომელიც ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მრავალწლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.
კვლევა მსოფლიოს 175 ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მახასიათებლებს ეძღვნება.
კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების შეფასების 100-ბალიანი სისტემით საქართველომ 2023 წელს 86 ბალი დაიმსახურა, ხოლო 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.
ამ პერიოდში საქართველოს მაჩვენებელი 77-დან 86-მდე გაიზარდა, რაც ევროპაში საუკეთესო შედეგია.
2012 წელს კანონის წინაშე თანასწორობის და პირად თავისუფლების ინდექსით საქართველო ევროპის ყველაზე არასაიმედო ქვეყნებს შორის იყო რუსეთთან, ბელორუსთან და უკრაინასთან ერთად.
2023 წლის შედეგებით საქართველო რეიტინგში უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს - რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ლიდერობს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების ინდექსი არის გამოხატულება იმისა, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები ფიზიკური ხელშეუხებლობის, რელიგიის თავისუფლების, გადაადგილებისა და იძულებითი შრომისგან თავისუფლების, ასევე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, კანონების გამჭვირვალობისა და ხელისუფლების მიუკერძოებლობის უფლებით.