წამება მდგომარეობდა, რომ საკანში არ იყო სინათლე, ის მუდმივად სიბნელეში იმყოფებოდა; არ იყო ჰაერი, გარდა პატარა ჭუჭრუტანისა, სადაც პირი ან ცხვირი უნდა მიედო პატიმარს, რომ შეესუნთქა ჰაერი, არ ჰქონდა დასაჯდომი და დასაწოლი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად ციხის თანამშრომელი არ გადაწყვეტდა, როდის გადმოეწია ეს ასაკეცი საწოლი მისთვის; არ ჰქონდა საკვები. მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ცნობილია ის დამწვრობები, რაც მას ჰქონდა ზურგზე. ამის შესახებ რა იცით? - ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა თამაზ მოლაშვილს, რომელიც მისი შვილის, სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე საუბრობს. 

როგორც თამაზ მოლაშვილმა განაცხადა, ამ ამბებს რამდენიმე თვის შემდეგ იგებდნენ და ოჯახმა ისიც 11 თვის შემდეგ გაიგო, რომ სულხან მოლაშვილს C ჰეპატიტი ჰქონდა. 

"ეგ ჩვენ მაშინვე კი არ გავიგეთ, სულხანი იცით როგორი იყო, როდესაც აწამებდნენ, ზურგზეც [დამწვრობები], თავზეც წამოცმული მქონდაო, რომ ამბობდა, ამას ვიგებდით ერთი-ორი თვის შემდეგ. გნებავთ C ჰეპატიტის ამბავი - 11 თვე როგორ გავიდა, რომ ჩვენ გაგებაში არ ვიყავით, C ჰეპატიტი ჰქონდა თუ არა. წამების ამბავზე, მერე და მერე ისეთი ამბები გამოჰქონდათ, რომ ტირილი კი არა, ბღავილი ამიტყდებოდა ხოლმე.
დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე - ყველა ხომ უბედურებაა, მაგრამ შვილი? მტერს არ ვუსურვებ, სულ სხვა გრძნობაა. ასე გამაუბედურა მიშა სააკაშვილმა." - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.