„პრემიერის წლიურ ანგარიშში ნათლად გამოჩნდა თუ რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ ბარკალაიამ, აქცენტი პენსიებსა და სოციალური გასაცემლების ზრდაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება.
„2023 პენსიები გაიზარდა და მომდევნო წელსაც გაიზრდება. პენსიების 20 ლარიანი ზრდა შეეხება 70 წლამდე პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებული პირებისთვის კი პენსია 50 ლარით გაიზრდება. ამ ყველაფერს ემატება 20%-იანი დანამატი, იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობენ. ამისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი და 835 000 პენსიონერი, მომავალი წლიდან, გაზრდილ პენსიას მიიღებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ ბარკალაიას თქმით, ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ოჯახების გაძლიერება სახელმწიფოს პრიორიტეტია, რისთვისაც გასულ და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვის სოციალური გასაცემი.
„ბავშვის ბენეფიტი 2015 წლამდე საერთოდ არ არსებობდა, შარშან 150 ლარამდე გაიზარდა და წელს ივლისიდან 200 ლარია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც განხორციელდა - გაიზარდა იმ ბავშვების მოცვაც, ვინც აღნიშნულ დანამატით სარგებლობს. ნაცვლად 100 000 ქულისა, 120 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები იღებენ აღნიშნულ ბენეფიტს. ამან გაზარდა მიმღებთა რაოდენობა, რაც სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკაა, იმისათვის, რომ უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.