„თბილისის განვითარების ფონდი“ მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნაგებობა გამოირჩევა თავისი უნიკალური განთავსებითა და არქიტექტურით - იგი რთულ რელიეფზეა აგებული და ორივე მხრიდან უნიკალურ ფასადს ქმნის.

„განსაკუთრებით საინტერესოა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული სამსართულიანი ფასადი. შენობას ასევე გააჩნია ისტორიული ბაღის ნაწილი თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან, სადაც შემორჩენილია XIX საუკუნის ხის კარები და ეზოს ავთენტური ელემენტები. აღნიშნულ სახლში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ძეგლს. მოსახლეობას შევპირდით, რომ სახლის რეაბილიტაციას განვახორციელებდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოებს, თბილისის მერის თქმით, სარესტავრაციო პროექტი მოიცავს ღონისძიებების სრულ სპექტრს. კერძოდ, ჩატარდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, მოეწყობა რგოლური დრენაჟი, გადაეწყობა დაბზარული მზიდი კედლები და სრულად განახლდება სართულშუა გადახურვები.

„ასევე მოეწყობა ხის ახალი კონსტრუქცია და სახურავი დაიფარება თუნუქის ფურცლებით; აღდგება და რესტავრირდება მტკვრის სანაპიროსა და თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს არსებული ხის შუშაბანდები და ა.შ. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ისტორიული შენობა სრულად რეაბილიტირდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, აღდგება ერკერების დეკორატიული ელემენტები და ისტორიული კარ-ფანჯრები; იგეგმება ფასადების შეღებვა და მასალების შერჩევა განხორციელდება ჩატარებული ლაბორატორიული/ფერის კვლევის საფუძველზე,  შესაბამისი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობით.

პროექტის მიზანია დაზიანებული ისტორიული შენობის გადარჩენა, მისი კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის მაქსიმალური სიზუსტით აღდგენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2029 წლის მარტში დასრულდება.