სკოლებში არსებულ ძალადობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი გამოხატავს.
როგორც უტიაშვილი Facebook-ში წერს, რეალური გამოსავალი სკოლებში ნულოვანი ძალადობაა. მისი თქმით, ძალადობა დამთავრდება მაშინვე, როგორც კი ის გახდება მოძალადის, მისი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პრობლემა.
"რატომ გახდა სკოლაში ძალადობა დაუსრულებელი პრობლემა? მიზეზი რა თქმა უნდა უამრავია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ის მარტო მსხვერპლს აწუხებს, სკოლისთვისაც და მოძალადისთვისაც ეს პრობლემა საერთოდ არ არის, თუ მაინცდამაინც ტრაგიკული შედეგით არ დამთავრდა.
ერთი წუთი წარმოიდგინეთ, იგივე პოლიტიკა რომ გვქონდეს ნასვამ მძღოლებთან დაკავშირებით - მთვრალი საჭესთან მარტო მაშინ რომ ისჯებოდეს, თუ ვინმე მოკლა, ხომ იქნებოდა ჩვენი გზები გაუვალი ჯოჯოხეთი.
სკოლებში ჩხრეკების ჩატარება და ჩანთებში დანების ძებნა - დაახლოებით იგივე, პატრულმა რომ ბოლო ჭიქის დალევასთან დაიწყოს ბრძოლა.
ერთადერთი რეალური გამოსავალი არის ნულოვანი ძალადობა სკოლაში. აღმოჩნდა, რომ ვინმე ვინმე ჩაგრავს ან სცემს - მაშინვე გარიცხვა, ულაპარაკოდ. არ მიხედავს დირექტორი პრობლემას - კარგად იყოს.
ძალადობა დამთავრდება მაშინვე, როგორც კი ის გახდება მოძალადის, მისი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პრობლემა", - წერს შოთა უტიაშვილი.