ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ კომისიის წევრთა საქმიანობის მიმართულებები განსაზღვრა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა, კომისიის საქმიანობის პრიორიტეტები იქნება: ბავშვების დაცვა და შესაძლებლობების გაზრდა ციფრულ სამყაროში, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება, ოჯახის გაძლიერება და დემოგრაფია.
„ქალთა პოლიტიკური გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული მუნიციპალური არჩევნების ჭრილში, იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში წარმოდგენილი, კომისია კონკრეტულ აქტივობებს დაგეგმავს.
სამომავლო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, სხდომაზე ასევე ვისაუბრეთ ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების განსაზღვრაზე.
დღეს მეხანძრე-მაშველების დღეა და მინდა მივულოცო ამ პროფესიაში ჩართულ მცირერიცხოვან ქალებს პროფესიული დღე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათ პროფესიებში ქალთა ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცენტრირების საგანია“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.