შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.

აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე.

აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი დროულად გაიარონ.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.