საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში პრემია “საბა” ბესიკ ხარანაულსა და ტარიელ ჭანტურიას გადაეცათ

1609048452
წელს მსოფლიოში ბევრი რამე ხდება პირველად. ბავშვები პირველად სწავლობენ ონლაინსკოლაში, მშობლები - ონლაინსამსახურებში მუშაობენ, სტუდენტები ონლაინგამოცდებს აბარებენ.
ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება ვირტუალური ფორმატით ტარდება და, არც „ლიტერატურული პრემია საბაა“ გამონაკლისი, წელს, ჩვენს საყვარელ წიგნებსა და მწერლებს ჩვენივე სახლებიდან, კომპიუტერისა და ტელეფონის ეკრანს მიჩერებულებმა ვუგულშემატკივრეთ.
ფორმატი მართლაც გამორჩეული იყო, პირველად მოვუსმინეთ ჟიურის განხილვასა და მსჯელობას, ჩვენც თავი ამ დიალოგის მონაწილეებად ვიგრძენით, სინამდვილეში ხომ მკითხველია ყველაზე მთავარი არბიტრი.
და აი, უკვე ახალ გამარჯვებულებსაც შეგვიძლია მივულოცოთ, კიდევ ერთხელ ცოცხალი და საინტერესო დისკუსია გავმართოთ, ვეთანხმებით თუ არა ჟიურის ვერდიქტს და საერთოდ, როგორ წიგნებს წერენ ქართველი მწერლები, რას ველოდებით მკითხველები და როგორი ამინდია ამ პანდემიურ ქართულ ლიტერატურაში?
პოეზიის მოკლე სია ტრადიციულად საინტერესო და მდიდარია, წელსაც არ ყოფილა გამონაკლისი, სხვადასხვა ესთეტიკისა და მიმდინარეობის პოეტური კრებულებიდან საუკეთესოს არჩევა არც ისე მარტივი იყო, თუმცა წელს ჟიურიმ პრემია ორ ცოცხალ კლასიკოსს შორის გაყო, ბესიკ ხარანაულის „დიდი სმა“ და ტარიელ ჭანტურიას „სიყვარულის შავი ყუთი 3“.