სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის 2022 წლის 1 იანვრისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარებით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 3 688 647, რაც 39 926-ით (1,07%) ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ 1994 წლიდან დღემდე არსებული მონაცემების თანახმად, 1994 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 1 241 300-ით (4 929,9 ათასი-დან 3 688,6 ათასამდე) ანუ 25,2%-ით შემცირდა. წლის განმავლობაში მოსახლეობის ოდენობის უფრო მეტად შემცირება ბოლოს 2002 წლის იანვარში დაფიქსირდა. მაშინ მოსახლეობა წინა წლის 1 იანვართან შედარებით 46 159-ით (4 037 472-დან 3 991 273-მდე) შემცირდა.
საქართველოს მოსახლეობის ოდენობის შემცირება ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის მინუს 13 960-იან სხვაობასთან ერთად განაპირობა უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ - მინუს 25 966. 2021 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა - წინა წელთან შედარებით 25 700-ით მეტი, ხოლო მიგრანტების რაოდენობა კი 15 988-ით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრებ და ემიგრაციაში წასულ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობას საქართველოში შემოსულ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 14 265-ით სჭარბობს. აქედან გამომდინარე მხოლოდ ემიგრანტი და მიგრანტი საქართველოს მოქალაქეების მიხედვით გამოთვლილი მიგრაციული სალდო არა 25 966, არამედ 40 825-ია.
საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 40,1-ია, 0,2-ით მეტი, ვიდრე შარშან და 6,4-ით მეტი, ვიდრე 1994 წელს იყო. საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2021 წელს 2.0 ერთეულით შემცირდა და 71.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 67.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 75.4 წელი. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1994 წელს 70,1 წელი იყო, მათ შორის კაცებისთვის - 66,0 წელი და ქალებისთვის - 74,1 წელი.