საქართველოს საპატრიარქო დედა მატრონას ხატთან დაკავშირებით განმართებას ავრცელებს.
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რის გამოც საქართველოს საპატრიარქო განმარტებას აკეთებს:
"წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:
საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს, ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.
ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.
მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ"- ნათქვამია საპატრიარქოს განმარტებაში.
შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. - სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას