თბილისის მერმა კახა კალაძე მის მოადგილეებთან, კახა გულედანთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად სამგორის რაიონში, N28 საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. 

„ეს პროექტი 450 ბავშვზეა გათვლილი. მომავალი წლისთვის სამუშაოები დამთავრებული იქნება და აქაც იგივე მიდგომა გვექნება - გათვალისწინებული იქნება ყველა საერთაშორისო სტანდარტი, დაწყებული სათამაშოებით, კვებით,  თეთრეულით, დასრულებული ინტერიერით და ა.შ. ჩვენ 15-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა გვაქვს დაწყებული და ეტაპობრივად, ქალაქში გვექნება სრულიად ახალი, მოწესრიგებული ბაღები“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი  კახა აბულაძე და სამგორის რაიონის გამებელი კახა სამხარაძე. 

საბავშვო ბაღის ძველი შენობა, საექსპერტო დასკვნის მიხედვით, გამაგრებას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც, მისი დემონტაჟი განხორციელდა. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა.

ახალი შენობა 15-ჯგუფზეა გათვლილი და დაახლოებით 450 აღსაზრდელს მოემსახურება. ინფრასტრუქტურის მასშტაბის გათვალისწინებით, სრულად დაკმაყოფილდება ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობის საჭიროება სკოლამდელი განათლების მიმართულებით.

N28 ბაღის ჯგუფები და პერსონალი ამჟად, ახლომდებარე ბაღებში არიან განთავსებული, მომავალი წლის ბოლოსთვის კი პატარები ახალ შენობაში დაბრუნდებიან. პროექტის ღირებულება 7,5 მილიონი ლარია.