თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 16 ჰექტარია, მიმდინარეობს საფეხმავლო და ველობილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ცხოველთა სასეირნო სივრცის, დასასვენებელი პავილიონების, სკეიტპარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის მოწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება მცირე ზომის ველოტრეკიც.

სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება - 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს სიდიდით, ზღვისუბნის პარკის შემდეგ, დედაქალაქში მეორე იქნება. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ტერიტორია სრულად მოწესრიგდება და გამწვანდება. სიახლეა ის, რომ მოეწყობა ველოტრეკი, რომელიც დედაქალაქში პირველი პროექტი იქნება. გამოიყოფა პარკური ზონა, სკეიტპარკი, ცხოველებისთვის ცალკე სივრცე, ატრაქციონები, სასეირნო ბილიკები, სავარჯიშო მოედნები. ტერიტორია იძლევა საშუალებას, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის მოეწყოს შესაბამისი სივრცე. აღნიშნულ სივრცეს, 2026 წლის გაზაფხულიდან უკვე ექნება შესაძლებლობა, სტუმრები მიიღოს. ირგვლივ უამრავი ადამიანი ცხოვრობს და პირველ რიგში, მათი ოჯახებისთვის არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, რეკრეაციული სივრცეები ძალიან უხდება ჩვენს დედაქალაქს და მიხარია, რომ კიდევ ერთი დიდი პროექტი შეემატება მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტში გათვალისწინებულია გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობაც. ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება 8 300 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე იმყოფებოდნენ.