დეზინფორმაციაა, თითქოს აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, პატიმარს პირადად სახალხო დამცველთან შეხვედრის მოთხოვნა არ დაუფიქსირებია, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაკო დევიძე მოინახულა დაკავების დღესვე და ასევე შიმშილობის დაწყების შემდეგაც.

„სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, რაც არის დეზინფორმაცია!

აღნიშნული პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 19 ნოემბერს, დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მისი განცხადების საფუძველზე გაკეთდა შესაბამისი ოქმი და რეაგირებისთვის გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

რაც შეეხება შიმშილობას, გუშინ შემოვიდა ზარი შიმშილობის დაწყების შესახებ და დღეს კვლავ მოინახულა პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმარს პირადად სახალხო დამცველთან შეხვედრის მოთხოვნა არ დაუფიქსირებია.

სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს საქმის შესწავლას და დაინტერესებულ მხარეებს მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.