იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემების ციფრულ ფორმატში გადატანას აგრძელებს. ამჟამად, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დოკუმენტაციის 90% უკვე დასკანერებულია. 22 000 ბაინდერიდან დღეის მდგომარეობით უკვე დასკანერებულია 18000 . პროექტის დასრულება 2016 წლის ივლისშია დაგეგმილი,- ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მონაცემების ელექტრონიზაცია ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცენტრალიზების პროექტის მეორე ეტაპს წარმოადგენს. პირველ ეტაპზე საჯარო რეესტრის 65 ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში დაცული ქაღალდის დოკუმენტები სრულად აღიწერა, საარქივო მასალა ერთიანი სტანდარტით დამუშავდა და თბილისში, საჯარო რეესტრის ცენტრალურ არქივში განთავსდა, სადაც ქაღალდის დოკუმენტაციის შენახვისათვის უსაფრთხო პირობებია შექმნილი. ამჟამად კი საჯარო რეესტრის სპეციალისტები ამ დოკუმენტაციას ამუშავებენ და ციფრულ ფორმატში გადააქვთ.

ტექნიკური აღრიცხვის დოკუმენტები, ხშირ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი და ძირითადი საფუძველია. შესაბამისად, რეგისტრატორებს თითქმის ყოველდღიურად უხდებათ საარქივო მასალებთან შეხება. დოკუმენტების ნაწილი საკმაოდ ძველია და არსებობს რეალური საფრთხე, რომ ხშირი გამოყენების გამო შესაძლებელია საარქივო მასალა დაზიანდეს. სწორედ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ფიზიკური ცენტრალიზების პარალელურად დაიწყო ქაღალდის დოკუმენტების დამუშავება და ციფრულ ფორმატში გადატანა.

ცენტრალიზებული და ელექტრონული არქივი უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო და საინფორმაციო მომსახურების ერთიანი სტანდარტებით განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა. ამას გარდა, იგი ხელს უწყობს მომხმარებლებისთვის სწრაფი, მარტივი და კომფორტული მომსახურებების შეთავაზებას. ამჟამად მოქალაქეების მიერ მოთხოვნილი საარქივო ინფორმაციის მომზადება ცენტრალიზებულად ხდება. აღსანიშნავია, რომ მათ ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან დოკუმენტების და ინფორმაციის მიღება ქალაქიდან, მუნიციპალიტეტიდან და ინტერნეტის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელადაც შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, საქართველოს რომელ რეგიონში მდებარეობს უძრავი ნივთი.