რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეთა და პოლიტიკოსთა ნაწილი დღეს ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბა, ნაწილი კი რუსთაველზე მსვლელობით მივიდა.

დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები.

ამ წუთებში ქვეყნის მთავარი გამზირი გადაკეტილია.

"ძლიერი საქართველოს" წევრის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ადამიანებს ევროპული მომავალი სურთ და არა ქვეყანა, სადაც "ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გათელილი".

"ადამიანებს სურთ ევროპული მომავალი, მათ სურთ, რომ ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. მათ სურთ ის, რაც თქვენ გსურთ - ნორმალური, კანონზე დაფუძნებული ქვეყანა და არა ქვეყანა, სადაც ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის" წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პერმანენტულ აქციებთან ერთად, საჭიროა მასშტაბური საპროტესტო აქციები გაცოცხლდეს.

"დრეს კარგი დღეა იმიტომ, რომ ყოველდღიურ, აქციებთან ერთად, გვჭირდება მასშტაბური აქციები. მოდი, ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე არის მასშტაბური აქციების სტარტი. ძალა ჩვენშია, ჩვენ მეტნი ვართ. თვითმარქვია რეჟიმს მხოლოდ ერთი რამ უნდა - როგორმე, უძლეველის მითი იყოს მის მხარეს, ეს ასე არ არის, ყოველდღე სუსტდება. ახლა დროა, გავაცოცხლოთ მასშტაბური აქციები", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.