„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ყველა ამ ძეგლზე წერს და მეც დავწერ. 
რამდენად მნიშვნელოვანია, თუ სად დადგამ. არაა ეს “საქალაქო” ძეგლი, შუა მოედანზე. სხვა ადგილას სხვანაირად გამოჩნდებოდა.
ძეგლი არის ძალიან კარგი. 
მახსოვს, დავით გურამიშვილი რომ დადგეს ჭავჭავაძეზე. არ მოსწონდათ. პოეტი რომ იყო მერე გავიგეთ, თორემ მეომარი იყო ისტორიულად. ხმალი რომ არ ეკიდა და ცხენზე რომ არ იჯდა, ალბათ ამიტომ აკრიტიკებდნენ. არაადეკვატურად გრძელხელება “მუზაც” არ დაინდეს, მაგრამ ყველაზე მაგრად გალაქტიონს მოხვდა, ბენზინგასამართი სადგურის სუნით შეწუხებულ ადამიანს:)
ამასაც შეეგუება ხალხი და დააფასებენ, ოღონდ ჯერ აქედან უნდა მოაცილონ“,- წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება, გიორგი ხანიაშვილის „დროის ნაწნავები” 9 თებერვალს დაიდგა. 

„დროის ნაწნავები“ წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს“ – ნათქვამია პროექტის აღწერაში.

ამავე აღწერის მიხედვით, ქანდაკება ქართული კულტურის ანტიკურ კულტურასთან შეხვედრის, განსაკუთრებით, მისი ქრისტიანულ ტრანსფორმაციის რეფლექსიაა.

გიორგი ხანიაშვილმა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.