თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი გრძელდება. დღეს სესიაზე სახელწოდებით „სივრცითი მოწყობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“  პრეზენტაციით თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე წარდგა. 

რევაზ სოხაძემ სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით დედაქალაქის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით თბილისის გენერალური გეგმის მიღება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯად დაასახელა. ამას გარდა, რევაზ სოხაძემ სატრანსპორტო გეგმის, მწვანე სივრცეების მოწყობის და ქალაქის პოლიცენტრული განვითარების შესახებაც ისაუბრა.

„სატრანსპორტო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. დედაქალაქის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მწვანე სივრცეების შექმნაზე. მხოლოდ სამგორში ასი ათასზე მეტი ხე დაირგო. ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ინვესტიცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტის განხორციელებაში კერძო სექტორი აქტიურად იყოს ჩართული. ამას გარდა, აუცილებელია ქალაქის პოლიცენტრული განვითარება და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ქალაქის სწორი სივრცითი მოწყობა ეკონომიკის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს “- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რევაზ სოხაძემ სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, რევაზ სოხაძემ პირველ რიგში გამწვანებული სივრცეების შექმნა დაასახელა. ამას გარდა, რევაზ სოხაძის თქმით, ვარკეთილში განხორციელდა ქუჩების რეაბილიტაცია; მოეწყო სკეიტპარკი, რეაბილიტირდა ბულვარი. ასევე, მოეწყო საფეხბურთო კომპლექსი, სადაც 900-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს.

დეპუტატის თქმით, მიმდინარეობს მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობაც. ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან პროექტად, რომელსაც დედაქალაქის მერია სამგორში ახორციელებს, რევაზ სოხაძემ ავარიული კორპუსების ჩანაცვლება დაასახელა. მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე ხუთი კორპუსის ჩანაცვლება მიმდინარეობს.

სამგორის მაჟორიტარმა, სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა და სამხედრო ქალაქის დასახლებაში, 15 ჰექტარზე ცენტრალური პარკის მოწყობა დააანონსა. მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია სამგორის რაიონის მიზიდულობის ცენტრი გახდება.

რევაზ სოხაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფორუმი იდეების გაცვლისა და ამა თუ იმ მიმართულებით სიახლეების გაცნობისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.