„მივიღებთ ისეთ  პროექტს,  რომელიც როგორც დიდი დიღმის მოსახლეობისთვის, ასევე  ქალაქისთვის მისაღები იქნება“- ასე გამოეხმაურა საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე,  რევაზ სოხაძე ოპოზიციის მიერ დღეს გაჟღერებულ ბრალდებებს, თითქოს საკრებულო პეტრე იბერის ქუჩაზე 500,000 კვ.მ სამშენებლო მოცულობის პროექტის დამტკიცებას გეგმავს. რევაზ სოხაძის თქმით, ოპოზიცია, ტრადიციულად, აგრძელებს სპეკულაციებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მისი თქმით, ამ ეტაპზე, პროექტზე საუბარი არ არის.

ეს არის გეგმარებითი დავალება, სადაც მერია და საკრებულო გასცემს დავალებას, თუ როგორი განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა წარმოადგინოს დამკვეთმა. შესაბამისად, ჩვენ გავცემთ ისეთ რეკომენდაციებს და მივიღებთ ისეთ პროექტს, რომელიც გარწმუნებთ, ამ ქალაქს მხოლოდ სიკეთეს შემატებს.  ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი კოლეგები აგრძელებენ სპეკულაციებს. მათ ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოში  შემოდის  ერთი და იგივე  ტექსტი აქვთ”-  განაცხადა რევაზ სოხაძემ

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საკრებულო ჯერ გეგმარებით დავალებას მიიღებს,  რის შემდეგაც დამკვეთმა პროექტი უნდა წარადგინოს

შესაბამისად, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან ფოტომასალის ჩვენება არ არის რელევანტური. ვწუხვარ, რომ  ისინი მხოლოდ ასეთი ზედაპირული შეფასებებით შემოიფარგლებიან“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.