თბილისის ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ არც ერთი სიტყვა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების  შესახებ“  დადგენილებაში არ ხელყოფს საკუთრების უფლებას. საკრებულოს წევრი განმარტავს, რომ  ეს წარმოუდგენელიც არის, რადგან საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული.

განცხადება ამის შესახებ რევაზ სოხაძემ „მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტების ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც დადგენილებაში  საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით  ცვლილებების შეტანას მოითხოვენ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი გაუგებარია.  ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გაკეთდა განმარტება  ჩვენი მხრიდან, მათ შორის ეს საკითხი დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა.

არც ერთი სიტყვა ამ დადგენილებაში არ ხელყოფს საკუთრების უფლებას. მეტიც, ეს წარმოუდგენელია, რადგან  ეს უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული“,- აცხადებს რევაზ სოხაძე.

საკრებულოს წევრის  განმარტებით,  დადგენილებაში ნათქვამია, რომ უნდა არსებობდეს კონკრეტული პროექტი, ადგილი,  ინიციატივა მოსახლეობის მხრიდან რომ მათ სურთ ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა.

„მაგრამ რადგან მშენებლობის და პროექტირების პროცესი არ დაიწყება მოსახლეობის საკუთრებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, არამედ დაიწყება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე,  ამ პროცესის დაწყებისთვის არ იყოს საჭირო ასპროცენტიანი თანხმობა. ეს  არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში,  ჩანაცვლების პროექტის კონკრეტულად  ამ მისამართზე განხორციელებისთვის მოსახლეობის ასპროცენტიანი თანხმობა საჭირო არ იქნება. თუ მოსახლეობა არ იქნება თანახმა, რა თქმა უნდა, ეს პროექტი არ განხორციელდება“, - აცხადებს რევაზ სოხაძე.