აქციამდე საორგანიზაციო ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია:

"28-29 ნოემბერს თბილისში გამართულ მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციას ივანიშვილის რეჟიმმა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხა. საპოლიციო შენაერთების განლაგება, მათი სტრატეგია და ქცევა ცხადს ხდის მათთვის მიცემულ დავალებას, ყოფილიყვნენ სასტიკები და პერსონალურად დაესაჯათ აქციის აქტიური მონაწილეები, დაენერგათ შიში. საპოლიციო შენაერთები კი განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რადგან სწორედ ეს ადამიანები ამხელენ ყველაზე ცხადად მათ მიერ ჩადენილ განზრახ დანაშაულს.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. ჩვენ არ მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები. სამწუხაროდ ადამიანის, განსაკუთრებით ჟურნალისტური საქმიანობის უფლებებზე მონიტორინგისა და რეაგირების ყველა სახელმწიფო უწყება და არალეგიტიმური რეპრესიული ვერტიკალის ინსტრუმენტებადაა გადაქცეული. მედიის წარმომადგენლებზე ხელისუფლების მიერ წახალისებული და განხორციელებული არცერთი შემთხვევა სათანადოდ არ იქნა გამოძიებული და დამნაშავე სათანადოდ დასჯილი“, – ნათქვამია სოლიდარობის აქციის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "აიპრესი" გმობს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებზე მომხდარ ფიზიკური ძალადობას.

"აიპრესის" გუნდი ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და სოლოდარობას უცხადებს კოლეგებს.

ცნობისთვის, შსს-ს სპეცფორმით აღჭურვილმა ადამიანებმა, აქციაზე ფიზიკურად იძალადეს და დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა, რის გამო მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება არ მიეცა. ეს კოლეგების არასრული სიაა, რომლების პროფესიული მოვალეობის დროს დაშავდნენ. 

1. გურამ როგავა, ტვ ფორმულა; 

2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, პუბლიკა,  

3. დათო ცაგარელი, რადიო თავისუფლება  

4. მარიამ ნიკურაძე, 

5. ნანუკა ქაჯაია, ტვ პირველი 

6. დავით ბიჭიკაშვილი, ტვ პირველის ოპერატორი;

7. გიორგი შეწირული, ტვ პირველის ოპერატორი 

8. ანა მდივანი, ტვ პირველი

9. ნიკო კოკაია, ტვ პირველის ოპერატორი

10. გივი ავალიანი, ნეტგაზეთი

11. ნათია ამირანაშვილი, პუბლიკა

12. გიორგი გოგუა, პროექტი 64

13. ირაკლი მანაგაძე, ექსპრესნიუსი

14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი;

15. იულია კალაბანი, JAMnews-ის რეპორტიორი 

ჯერჯერობით ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების შესახებ ოფიციალური განცხადება საგამოძიებო უწყებას არ გაუვრცელებია.