20 წელია GCA-ს წევრი ვარ და დღემდე ვერ გავიგე რა ბერკეტებით ხდება ჰონორარების გადამოწმება - ამის შესახებ რეპერმა, აჩი ვანიშვილმა განაცხადა.
„რა ბერკეტებით კონტროლდება ეს ყველაფერი? მე უკვე 20 წელია GCA-ს წევრი ვარ და დღემდე ვერ გავიგე რა ბერკეტებით ხდება ამ ყველაფრის შემოწმება და გადამოწმება. მე მაქვს ჩემი ანგარიში, შევდივარ და ვხედავ რომელ ქვეყანაში რამდენჯერ მომისმინეს, ვიცი თითოეული ცენტი საიდან მოდის. თუმცა, სხვა სივრცეებში: რესტორნებში და ა.შ. გაუგებარია. ამთვლელი სისტემა არ არსებობს, რომელიც აღრიცხავს რაიმეს. არ ვიცი რა ფული მერიცხება“- განაცხადა რეპერმა.
ცნობისათვის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიზანია, საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან.
აღსანიშნავია, რომ საავტორო უფლებების დაცვა წლებია საზოგადოებაში განხილვის საგანია. ორგანიზაცია GCA-ის გაუმჭვირვალობით, თანხების არასამართლიანად აკრეფით და განაწილებით უკმაყოფილო ავტორებმა ახალი ასოციაცია „გერა“ დააფუძნეს.
როგორც აღმოჩნდა, ძველი ასოციაციის მიმართ ავტორთა პრეტენზიები არ იყო უსაფუძვლო და ორგანიზაციაში ბოლოს ჩატარებულმა ფინანსურმა აუდიტმა ეს ყველაფერი დაადასტურა
მიმდინარე წლის 17 მაისს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 2022 წელს ასოციაციის ადმინისტრაციამ საკუთარი ფუნქციონირებისათვის დახარჯა 2,2 მლნ ლარი, ხოლო საავტორო და მომიჯნავე უფლებების ქართველ და უცხოელ მფლობელებს 400 ათასი ლარით ნაკლები, მხოლოდ 1,8 მლნ ლარი გაუნაწილა, საიდანაც 700 ქართველ ავტორს ჯამურად სულ რაღაც ერთი მილიონი ლარი ერგო.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ, 2021 წელს სარგებლის სახით 233 ათასი ლარი მიიღო (მათ შორის, ხელფასის სახით 150 ათასი ლარი, ხოლო პრემიის, ბონუსის და სხვადასხვა სახის სარგებლის სახით - დამატებით 83 ათასი ლარი). შესაბამისად, ასოციაციის მიერ მხოლოდ თავმჯდომარეზე გაწეულმა საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 2021 წელს 19,4 ათასი ლარი შეადგინა.