შელახული რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის წევრობა აღარ მინდა - ვაცხადებ, რომ ვტოვებ GCA-ს - ამის შესახებ ცნობილი სიმღერების ავტორმა, ირინა სანიკიძემ განაცხადა.
„ინერციით დღემდე ვიყავი GCA-ს წევრი, არც იურისტი ვარ და არც ექსპერტი, ვარ ავტორი. მინდა, რომ კარგი კანონი მიიღოთ, რათა დამთავრდეს ეს დაუსრულებელი გაუგებრობები და დაპირისპირება. მე უკვე გავაპროტესტე GCA-ში ეს კამპანია და არ სრულდება, არ მინდა ვმონაწილეობდე ჩემს კოლეგებთან, ჩემს მეგობრებთან დაპირისპირებაში და საშინელი იარლიყების მიკერებაში. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ამიტომ მოვედი და სიმართლე გითხრათ, ასეთი შელახული რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის წევრობაც აღარ მინდა. ვაცხადებ, რომ ვტოვებ GCA-ს“,- განაცხადა ირინა სანიკიძემ.
ცნობისათვის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიზანია, საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან.
აღსანიშნავია, რომ საავტორო უფლებების დაცვა წლებია საზოგადოებაში განხილვის საგანია. ორგანიზაცია GCA-ის გაუმჭვირვალობით, თანხების არასამართლიანად აკრეფით და განაწილებით უკმაყოფილო ავტორებმა ახალი ასოციაცია „გერა“ დააფუძნეს.
როგორც აღმოჩნდა, ძველი ასოციაციის მიმართ ავტორთა პრეტენზიები არ იყო უსაფუძვლო და ორგანიზაციაში ბოლოს ჩატარებულმა ფინანსურმა აუდიტმა ეს ყველაფერი დაადასტურა
მიმდინარე წლის 17 მაისს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 2022 წელს ასოციაციის ადმინისტრაციამ საკუთარი ფუნქციონირებისათვის დახარჯა 2,2 მლნ ლარი, ხოლო საავტორო და მომიჯნავე უფლებების ქართველ და უცხოელ მფლობელებს 400 ათასი ლარით ნაკლები, მხოლოდ 1,8 მლნ ლარი გაუნაწილა, საიდანაც 700 ქართველ ავტორს ჯამურად სულ რაღაც ერთი მილიონი ლარი ერგო.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ, 2021 წელს სარგებლის სახით 233 ათასი ლარი მიიღო (მათ შორის, ხელფასის სახით 150 ათასი ლარი, ხოლო პრემიის, ბონუსის და სხვადასხვა სახის სარგებლის სახით - დამატებით 83 ათასი ლარი). შესაბამისად, ასოციაციის მიერ მხოლოდ თავმჯდომარეზე გაწეულმა საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 2021 წელს 19,4 ათასი ლარი შეადგინა.