საავტორო უფლებების დაცვა უკვე რამდენიმე წელია განხილვის საგანია საზოგადოებაში, ვისაც ეს სფერო ეხება. დღეს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვის ორი ასოციაცია მუშაობს - ძველი ორგანიზაციის (GCA) გაუმჭვირვალობით, თანხების არასამართლიანად აკრეფით და განაწილებით უკმაყოფილო ავტორებმა ახალი ასოციაცია „გერა“ დააფუძნეს.
როგორც აღმოჩნდა, ძველი ასოციაციის მიმართ ავტორთა პრეტენზიები  არ იყო უსაფუძვლო და ორგანიზაციაში ბოლოს ჩატარებულმა ფინანსურმა აუდიტმა ეს ყველაფერი დაადასტურა

17 მაისს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 2022 წელს ასოციაციის ადმინისტრაციამ საკუთარი ფუნქციონირებისათვის დახარჯა 2,2 მლნ ლარი, ხოლო საავტორო და მომიჯნავე უფლებების ქართველ და უცხოელ მფლობელებს 400 ათასი ლარით ნაკლები, მხოლოდ 1,8 მლნ ლარი გაუნაწილა, საიდანაც 700 ქართველ ავტორს ჯამურად სულ რაღაც ერთი მილიონი ლარი ერგო.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ, 2021 წელს სარგებლის სახით  233 ათასი ლარი მიიღო  (მათ შორის, ხელფასის სახით 150 ათასი ლარი, ხოლო პრემიის, ბონუსის და სხვადასხვა სახის სარგებლის სახით - დამატებით 83 ათასი ლარი). შესაბამისად, ასოციაციის მიერ მხოლოდ თავმჯდომარეზე გაწეულმა საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 2021 წელს 19,4 ათასი ლარი შეადგინა.

აუდიტის სკანდალური დასკვნის გასაჯაროების შემდეგ „აიპრესი“ ქართველ მუსიკოსებს, შემსრულებლებს, მწერლებს და ავტორებს დაუკავშირდა და განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვა.

მომღერალი ოთო ნემსაძე:
“რამდენიმე წელია ამ ასოციაციის წევრი ვარ. ჩემი აზრით, არ მერიცხება ის ჰონორარი, რაც უნდა მერიცხებოდეს. თუმცა, რამდენჯერაც ვიკითხე, რა ხდება ამასთან დაკავშირებით, ვერასოდეს მივიღე ამომწურავი პასუხი.
ამ ბოლო პერიოდში კრება ჩაატარეს, სადაც სამწუხაროდ ვერ მივედი, თორემ იქ დავაფიქსირებდი აუცილებლად ჩემს აზრს, არ ვიყავი ქალაქში, კონცერტი მქონდა და ამ კრების წინ ჩამირიცხეს რაღაც თანხა, სიმბოლურად. 
გადიოდა თვეები, ხან წელიწად-ნახევარი, ხან ორი წელი და ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი ვერავისგან მივიღე. ძალიან გული დამწყდება, რომ აღმოჩნდეს, ჩემი კოლეგებისა და მუსიკოსების ფული, რაღაც სხვა ხარჯებშია წასული” - აცხადებს ოთო ნემსაძე.

ბრალდებებს უარყოფს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე და აცხადებს, რომ მათთან უბრალოდ ვერ იქნება კორუფცია, ამის რეალური შესაძლებლობაც კი არ არსებობს.

„დასკვნაში საუბარია აღრიცხვის მეთოდის დარღვევაზე, მაგრამ ეს არის წვრილმანი დარღვევა, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ 2005 წლიდან, ამაზე სახელმწიფოს ვალდებულება იყო გაეკეთებინა რეაგირება, თუმცა დღემდე არ არის“ - აცხადებს კობალაძე.