კურორტი ყვარლის ტბა კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების ქვეშ მდებარეობს. გარშემო ტყე საუკუნოვანი ხეებით, წინ ტბა, რომელშიც ჩაედინება მდინარეები ბურსა და ჩაგურგულა, უკან ალაზნის ველი, ფართო ნომრები ტერასებითა და უმშვენიერესი პანორამებით დასასვენებლად მიმზიდველს ხდის კურორტს-ყვარლის ტბა.
კურორტის ფართობი შეადგენს 300 ჰექტარს. 44 ჰექტარი უკავია ტბას, რომლის სიღრმე 20 მეტრია. კომპლექსში შედის სასტუმრო და რეკრეაციული ზონა.
ტბის პირას მდებარე მრავალფუნქციურ, ქალაქგარეთ დასასვენებელ კომპლექსში დამსვენებლებს შეუძლიათ, გაერთონ ბარში. არის სათევზაო ზონა, ნავები, წყლის ველოსიპედები, სამთო და სამოყვარულო ველოსიპედები, საფეხმავლო ბილიკები, ნარდი, ჭადრაკი, ბანქო, დართსი, ბადმინტონი, მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ტენისი.
ყვარლის ტბის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიკა გენგაშვილი „აიპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ შაბათ-კვირის ფასები სხვა დღეების ფასებისგან განსხვავდება. შაბათ-კვირას ყვარლის ტბაზე ერთი დღით დასვენება 315 ლარი ჯდება. ნომრის ღირებულებაში შედის: სამჯერადი კვება, სეიფი, ავტოსადგომი, ოთახში მომსახურება, სატრენაჟორო დარბაზი, თურქული აბანო, ფინური საუნა, აუზი, წყლის ველოსიპედი, მთის ველოსიპედი, ნავით მომსახურება, თევზაობა.
„სულ სასტუმროში 20 ნომერია, აქედან 6 ლუქსია. დამსვენებელს ჩვენს ტერიტორიაზე, რომლიც 400 ჰექტარზეა გადაჭიმული შეუძლიათ, ისარგებლონ სარეკრეაციო ზონით, ჩვენი სპა კომპლექსით, რომელიც მოიცავს საუნებს და ღია აუზს. ველო ტრასით, ასევე თევზაობის შეთავაზება შეგვიძლია. სიახლე ინფრასტრუქტურის მხრივ არ გვაქვს, თუმცა ყველაფერი არის განახლებული. სეზონის დაწყებასთან ერთად ვცდილობთ, განვაახლოთ ყველაფერი. დიფერენცირებული ფასები გვაქვს. შაბათ-კვირას 315 ლარია ერთი დღე. 260 ლარია სტანდარტული დღეები. ის სერვისები, რომლებსაც ჩვენ დამსვენებელს ვთავაზობთ, შედის იმ ფასში, რასაც დღიურად იხდის დამსვენებელი. არანაირი დამატებითი თანხა ცალკე მაგისთვის არ არის გადასახდელი“,- აღნიშნავს მარიკა გენგაშვილი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით, ამ ეტაპზე ყვარლის ტბაზე ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. დამსვენებლების ნაკლებობას არ განიცდიან. როგორც მარიკა გენგაშვილი ამბობს, უმეტესად ქართველები ისვენებენ ყვარლის ტბაზე. აქტიურად მოდიან მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, და ევროპიდანაც.