20 აგვისტოს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე. ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად თემო გოცაძე ათწლეულების მანძილზე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული და ხელმძღვანელობდა კულტურის მთავარ ინსტიტუციებს საქართველოში.
1967-1983 წლებში საქართველოს ტელევიზიის ჯერ დამდგმელი, შემდეგ კი მთავარი მხატვარი იყო. ათ წელზე მეტი ის საქართველოს მხატვრის სახლის, ხოლო შემდგომი ოცი წელი საქართველოს ეროვნული გალერეის დირექტორი იყო. მისი თაოსნობით ეროვნულ გალერეაში პერმანენტულად ეწყობოდა ქართველ მხატვართა საგაზაფხულო და საშემოდგომო ექსპოზიციები, პერსონალური და თემატური გამოფენები. მხატვარი წლების მანძილზე აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა. მის სახელს უკავშირდება მხატვართა თაობების გაზრდა და შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა.
თემო გოცაძე არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების ქურუმის, მიხეილ თუმანიშვილის პრემიის მფლობელი, 2022 წელს მხატვარს მიენიჭა რუსთაველის პრემია. თემო გოცაძეს არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, დიუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კანადის თანამედროვე სახვით ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, კალიფორნიის ფედერალურ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში საფრანგეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, მექსიკაში, ირანში, თურქეთში, კანადაში, რუსეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში.