გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროექტის ფარგლებში სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სამუშაოების გაცნობა და პროცესში მათი ჩართულობის შესაძლებლობების შეფასება იყო.
შეხვედრაზე განიხილეს ქართული სანერგეების პოტენციალი, თუ რამდენად მზად არის სექტორი, უზრუნველყოს პროექტი საჭირო რაოდენობის და ხარისხის სარგავი მასალით.
საუბარი შეეხო ქარსაფარი სისტემების მოწყობის გრძელვადიან სახელმწიფო გეგმას, რომლის მიხედევითაც 2030 წლამდე არანაკლებ 5000 ჰექტარი ქარსაფარი უნდა გაშენდეს.
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაცია 2021 წელს დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ინვენტარიზებულმა ქარსაფრებმა მოიცვა 12 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი, აქედან 6 ათას ჰექტრამდე ქარსაფარს მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. ინვენტარიზაცია და სტატუსის მინიჭება ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების დაწყების საფუძველია. 2026 წლის სამიზნე მაჩვენებელი არანაკლებ 150 ჰექტარს შეადგენს.










