პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ინვენტარიზაციის პროცესის ვადის გახანგრძლივებას 2027 წლის 1 იანვრამდე. ცვლილების პროექტი საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, ინვენტარიზაციის პარალელურად, ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენების პროცესის დაწყების მნიშვნელობას.

„მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს აქტიური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და ფერმერებთან. პირველ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოების დაწყება. საუბარია, დაახლოებით 32 ჰექტარ ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, აღნიშნული მუნიციპალიტეტები სასოფლო-სამეურნეო კუთხით საკმაოდ დატვირთული ტერიტორიებია და ნიადაგის დაცვის თვალსაზრისით ქარსაფრის გაშენებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დაიწყო; ამ ეტაპისთვის, ინვენტარიზაცია ჩატარებულია 6675.53 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 მუნიციპალიტეტში.