27 ოქტომბერს საქართველოს კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და „ევროპალია ინტერნეიშენალის“ ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა - „საქართველო - შეხვედრების ადგილი“. 

გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
ქართველი და ევროპელი მეცნიერების მიერ ერთობლივად შემუშავებული საგამოფენო კონცეფცია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მრავალმხრივად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა, ნეოლითის ხანიდან დაწყებული, XVIII საუკუნის ჩათვლით. გამოფენის ლაიტმოტივია „საქართველო, როგორც ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილი“. ქართული იდენტობის ფორმირებას განსაზღვრავდა ქართული კულტურისა და აღმოსავლურ-დასავლური ცივილიზაციების ურთიერთქმედება, ორი განსხვავებული კულტურული ორბიტის დამახასიათებელი სოციალური ურთიერთობების, ტექნიკური მიღწევების, სახელმწიფოებრივი სტრუქტურებისა თუ მხატვრული ენის ტრანსფორმირება და ადაპტაცია ადგილობრივ სოციალურ-კულტურულ გარემოსთან, ქართული კულტურის მსგავსება-განსხვავება მედიტერანული არეალის სხვა კულტურებთან, მისი თვითმყოფადობა და უნიკალურობა.

ექსპოზიცია დაყოფილია რამდენიმე თემატურ სექციად:


1. საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციის ფორმირება და აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის მომიჯნავე და ახლო აღმოსავლეთის უძველეს ცივილიზაციებთან. ამ ურთიერთობის ასახვა არქეოლოგიურ არტეფაქტებში. ღვინის კულტურისა და ლითონის დამუშავების უძველესი კერები.
2. საქართველო ანტიკურ ხანაში. კოლხეთისა და იბერიის სამეფოების კულტურული და ეკონომიკური კავშირები საბერძნეთთან, რომსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. არტეფაქტები, რომლებიც მკაფიოდ აჩვენებს ბერძნულ-რომაული და აქემენიდურ-სასანიანური სოციალური, რელიგიური და კულტურული სტრუქტურების სინთეზს და ადაპტაციას უძველეს ადგილობრივ ტრადიციებთან. ოქროს საწმისისა და არგონავტების მითი, როგორც ამ პროცესის უშუალო გამოძახილი. ოქროს საწმისის მითის ევროპული ადაპტაცია - ოქროს საწმისის ბურგუნდიული ორდენის ჩამოყალიბება.
3. ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში: IV-VI საუკუნეების საქართველო რომსა და სპარსეთს შორის. ქართული ანბანი და არტისტული დიალოგი სასანიანურ, ბიზანტიურ და არაბულ სამყაროსთან.
4. გაერთიანებული ქართული სამეფოს წარმოქმნა არაბობიდან „ოქროს ხანამდე“. ქართული სამონასტრო ცენტრების საერთაშორისო ქსელი და შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები.
5. ქრისტიანული სარწმუნოების სინკრეტული ვიზუალიზაცია (ისლამური მოტივები ქართულ ხელოვნებაში, ქრისტიანული მოტივები ისლამურ სამყაროში).
6. საქართველო XVI-XVII საუკუნეებში: პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნები.
7. ეპილოგი. ბრძოლა გადარჩენისათვის: საქართველო XVIII საუკუნის ბოლომდე.


გამოფენას, რომელიც დასავლეთ-აღმოსავლეთის გასაყარზე მდებარე ქვეყნის მრავალფეროვან კულტურულ ტრადიციებს წარმოაჩენს, ახლავს კატალოგი, რომელშიც არის ქართველი, დასავლეთევროპელი და ამერიკელი მეცნიერების სტატიები და რომელიც უფრო ფართოდ განიხილავს გამოფენაზე წარმოდგენილი სექციების თემებს.
ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში (სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, აჭარის მუზეუმი, ახალციხისა და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეროვნულ არქივი) დაცული 200-ამდე ექსპონატი გამოიფინება.


გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მუზეუმებში (ლუვრი, მეტროპოლიტენის მუზეუმი, ბერლინის ეროვნული ბიბლიოთეკა, ტიროლის სახელმწიფო მუზეუმი) დაცული ქართული ან საქართველოსთან დაკავშირებული ოთხი ექსპონატი.


გამოფენის - „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ - კურატორები არიან ბერნარ კული და ნინო სიმონიშვილი, თანაკურატორი - მარი-ევი ტეხი.


დამთვალიერებელს ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში ექსპოზიციის ნახვა 2023 წლის 27 ოქტომბრიდან 2024 წლის 18 იანვრამდე შეუძლია.


შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგია მასპინძლობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალს „ევროპალია“, რომელშიც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.
ფესტივალი უნიკალური შესაძლებლობაა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ისტორიისა და კულტურის წარმოსაჩენად, განსაკუთრებით - წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინის ფონზე.
კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, მულტიდისციპლინურ და მულტინაციონალურ პროექტებს, რომლებიც სტუმარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.
ფესტივალის სტუმრებს ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას. „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში 60-ამდე ღონისძიება ჩატარდება ბელგიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში. ევროპელი საზოგადოება დაესწრება ეროვნული საგანძურის ორ მასშტაბურ და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენას, აბრეშუმის მუზეუმის, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას.


„ევროპალიაზე“ წარმოდგენილია რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სამეფო უბნის თეატრი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ჯ. კახიძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ფოლკლორული ანსამბლები: „ბასიანი“, „დიდგორი“, „ადილეი“, „დები ჩამგელიანები“, კამერული გუნდი, გორის ქალთა გუნდი, აგრეთვე, ტრადიციული და პროფესიული მუსიკის ინდივიდუალური შემსრულებლები: ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ვერიკო ჭუმბურიძე, მარიამ ბაწაშვილი, სანდრო გეგეჭკორი, ცოტნე ზედგინიძე, ნინო ნაყეური, აშუღი ნარგილე მეჰთიევა და სხვ.


საფესტივალო პროგრამა მოიცავს ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივ პროექტებსაც.
ფესტივალის ორი მთავარი, ქვეყნისათვის უპრეცედენტოდ მასშტაბური, გამოფენაა „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“. „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ ევროპაში პირველად იმართება და ის 4 ოქტომბერს გაიხსნა ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR).
2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე:

2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/…/europali…/europalia-georgia-programme;გამოფენის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/…/events/georgia-a-story-of-encounters