პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა  სინოდის სხდომასთან და პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარების საკითხთან დაკავშირებით, მეუფე ნიკოლოზის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეფეებიც გადამდგარან და ამაში საგანგაშო არაფერია.

„მეუფე ნიკოლოზის კომენტარები - „ვერავინ მოესწრება“ და ა.შ. ცოტა უცნაურია. მე მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს ცხოვრება ვუსურვო. ის ყველა ქართველისთვის ღირსეული ადამიანია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მეფეებიც გადამდგარან, პატრიარქებიც, რომის პაპებიც. თუ ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის ჯობია, რომ დაისვენოს, არაფერი ტრაგედია არ არის. ამიტომ ამ თემიდან რაღაც სკანდალის გაკეთება, მოღალატეების ჩამოყალიბება არასწორი იქნება. ერთი გადაწყვეტილებაც გასაგები და მისაღები იქნება და მეორეც, ამიტომ არაა საჭირო ასეთი სკანდალი და თემის პოლარიზება. ეს არის ბუნებრივი პროცესი. თვითონ თუ არ აწევენ ტემპერატურას, არავინ არ აპირებს ტემპერატურას აწევას საქართველოში. ეს არ არის ის ინსტიტუტი, რომლის გამოც საქართველოში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. შიგნით ქმნიან დაძაბულობას,“ - განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისათვის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ პატრიარქის გადადგომას ვერავინ მოესწრება.