ეჭვი მეპარება ისეთი ოპონენტი, კონკურენტი და მეტოქე, როგორც სააკაშვილია, ციხიდან ცოცხალი გაუშვან - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნება“ იმდენად არის ჩაბღაუჭებული ძალაუფლებაზე, იმდენად ყველაფრის მკადრებელია, რომ ეჭვი მეპარება ისეთი ოპონენტი, კონკურენტი, მეტოქე, როგორც სააკაშვილია, ცოცხალი გაუშვან ციხიდან. მე არ მგონია, რომ მისი სიკვდილი უნდათ, მაგრამ მათ უნდათ მისი დაბეჩავებული მდგომარეობა. ღმერთმა დაიფაროს და თუ გარდაიცვალა, ეს არ იქნება კარგი საქართველოსთვის, მაგრამ არ იქნება ტრაგედია „ქართული ოცნებისთვის“. მათ ურჩევნიათ, რომ არ მოკვდეს და მომაკვდავ სააკაშვილს მუდმივად ყურადღება მიჰქონდეს. წელი მთავრდება და იწყება მისი თემით, ხოლო სიღარიბე, ეკონომიკა, გეოპოლიტიკური გამოწვევები, უმუშევრობა - არაფერზე არ არის საუბარი. ეს უნდა „ქართულ ოცნებას“. მათ იციან, რომ ოპოზიცია არის სუსტი, ამიტომ ურჩევნიათ სააკაშვილის „ჰაერში ყოფნა“. განეიტრალება იქნებოდა უკრაინაში რომ გაეშვათ ომის დროს, მაგრამ მათ სჭირდებათ ასეთი სააკაშვილი, თან იქნება აქტიური თემა და თან არ გადავა წითელ ხაზებს. ჯერჯერობით ამ ტემპერატურას იკავებენ, თუმცა შეიძლება სიტუაცია გაექცეთ ხელიდან“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.