სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს სწავლობენ. ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ დაწესებულების დახურვაზე ადგილი ჰქონდეს გარკვეული გავლენის მოხდენის მცდელობას.
“ცოტა არ იყოს გაუგებარი იყო ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ. მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი. თვეების წინ ამაზე არაერთხელ იყო საუბარი, მათ შორის განათლების მინისტრის მხრიდან, პოლიტიკური პროცესი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებში ხდება, არ უნდა აისახოს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად არიან რეგისტრირებულნი და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ.
საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და უნდა გაგრძელდეს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ არავის შეეზღუდოს მსგავსი საქმიანობის უფლება. შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული.
მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მცდელობა იყოს, ისევე როგორც მეზობელ სახელმწიფოში, აქაც ადგილი ჰქონდეს მცდელობას, მოახდინონ გარკვეული გავლენა მსგავსი დაწესებულების დახურვაზე”,-განაცხადა ომბუსმენმა.
შეგახსენებთ, სკოლის დირექტორმა პრემიერმინისტრის, განათლების მინისტრის და ომბუდსმენის სახელზე დაწერილი განცხადება გაავრცელა. სკოლის დირექტორს აქვს ეჭვი, რომ ავტორიზაციის გაუქმება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია. დირექტორი ასევე აღნიშნავს რომ სკოლაში ბოლო თვეებში სამჯერ ჩატარდა არაგეგმიური მონიტორინგი. რაც შეეხება თურქულ ენოვანი ბავშების ქართულ კლასში გადაყვანას, დირექტორი აღნიშნავს, რომ ეს ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა.
შაჰინის სახელობის სკოლის დირექტორი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საკითხი, რათა სკოლის მუშაობა არ შეიზღუდოს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი სხვადასხვა სახის დარღვევები გახდა. ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ ცენტრი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და კანონის მიხედვით არანაირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ იღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ავტორიზაციის შეჩერების კონკრეტულ მიზეზებს, საზოგადოებისთვის საჯარო ის 10 დღეში გახდება.
ცნობისათვის, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებით, ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, ბავშვებს ტერორისტული იდეოლოგიით ზრდიან, – ამის შესახებ, იასინ თემისქანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. კონსული აღნიშნავდა, რომ სკოლა, ტერორისტ ფეთულა გიულენის ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია.
“მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს-ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში. რადგან, ეს სკოლა, ამ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურება. ჩვენ, საქართველოს შესაბამის უწყებებთან გამოვალთ ინიციატივით, რათა ამ ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხუროს“,-აცხადებდა კონსული.
მოგვიანებით, კონსულმა აღნიშნული განცხადება უარყო, ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.თუმცა აჭარის ტელევიზიაში განმარტეს, რომ ციტატის თარგმანი კონსულის თარჯიმანს ეკუთვნის. კონსულის აღნიშნული განცხადების შემდეგ აჭარის ტელევიზიამ აღნიშნული ინტერვიუ ეთერში მონტაჟის გარეშე გაუშვა.