„მას შემდეგ რაც საყდრისის, როგორც მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს სტატუსი ეჭვს აღარავისში იწვევს, ბატონი ივანიშვილი რატომღაც მაინც ჯიუტად ცდილობს საყდრისის დაკნინებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მინდა ვთქვა რომ მისი განცხადების არც ერთი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება, ყოფილი პრემიერი ტყუის როცა აცხადებს რომ საყდრისი სრულად იყო შესწავლილი- აღმოჩენის დღიდან რომ ძეგლის მცირე ნაწილი იყო მხოლოდ შესწავლილი ამას ქართულ- გერმანული არქეოლოგიური ექპედიციის წევრების ანგარიშებიც მოწმობს“, - ამის შესახებ „აიპრესთან“ საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.
 

„აიპრესთან“’ ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მაღაროს 4 გვირაბიდან, მხოლოდ ერთი გვირაბი იყო შესწავლილი. ძეგლის სრულად შესწავლის რეკომენდაციებს იძლეოდნენ ის ექსპერტებიც რომლებიც 2014 წლის გაზაფხულზე ძეგლთა დაცვის სააგენტომ ჩამოიყვანა საყდრისში სიტუაციის შესასწავლად.

„2014 წლის სექტემბერში კიდევ ერთხელ მიმართეს არქეოლოგებმა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ძეგლის სრულად შესწავლის თაობაზე, თუმცა იქიდან უარი მიიღეს, მეტიც უკვე ნგრევის დროს შემთხვევით აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი გვირაბი რომლის არსებობის შესახებაც ქართულ- გერმანული ექსპედიცია ინფორმაციას არ ფლობდა, სამწუხაროდ ვერც ამ გვირაბის შესწავლა მოხერხდა.

ბიძინა ივანიშვილი ცრუობს როცა აცხადებს რომ საყდრისი როგორც ძეგლი არავის უღიარებია, რადგან საყდრისი როგორც მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო, აღიარეს ევროპის ავტორიტეტულმა არქეოლოგიურმა თუ სამეცნიერო წრეებმა, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ამერიკის, ავსტრიის და პოლონეთის არქეოლოგიურმა ცენტრებმა, მეტიც საყდრისი როგორც უძველესი ოქროს მაღარო წარმოდგენილი იყო ბულგარულ არქეოლოგიურ გზამკვლევშიც.

ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ყოფილი პრემიერის განცხადება, თითქოს საყდრისის ყველაზე ღირებული ნაწილი გადარჩენილია და ის უნიკალურ მუზეუმში განთავსდება, საყდრსის ყველაზე ღირებულ ნაწილს წარმოდგენდა თავად მაღარო, რაც შეეხება გადარჩენილ ნაწილს - ეს არის ე.წ. უროები(ქვის იარაღი) რომელიც თავის დროზე ბოლნისის მუზეუმის ეზოში გარეთ ტომრებში ეყარა, სამწუხაროდ საყდრისის ძალიან მნიშვნელოვანი არტეფაქტების დაცვა ვერ მოხერხდა, მისი აფეთქების და შემდგომში უკვე ნგრევის გამო.

რაც შეეხება მუზეუმს, ბოლნისში მართლაც აშენებს კომპანია „არემჯი გოლდი“ ახალ მუზეუმს, მაგრამ მიუხედავად დაპირებებისა ეს არ არის კონკრეტულად საყდრისის მუზეუმი არამედ ის იქნება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც ქვემო ქართლში ბოლო დროინდელ არქეოლოგიურ აღმოჩენებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება საყდრისიც, თუმცა სიმართლე გითხრათ, დღემდე უცნობია რა კონცეფციით მოხდება საყდრისის ოქროს მაღაროს წარმოჩინება სამუზეუმო სივრცეში, როცა ყველაზე ღირებული და უნიკალური ე.წ გვირაბები სრულად განადგურდა.

ვურჩევდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს საყდრისზე საუბრისას იხელმძღვანელოს მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტებით, წარმოადგინოს თუნდაც ერთი სამეცნიერო რეცენზია, ან სტატია ან ანგარიში სადაც თეთრი შავზე წერია რომ საყდრისი ძეგლი არ იყო, ან დაასახელოს რომელიმე ავტორიტეტული მეცნიერი რომელიც ივანიშვილის აზრს გაიზიარებს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

„აიპრესთან“ საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საყდრისის აფეთქების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება, სადაც უახლოეს მომავალში დაიკითხებიან კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნები.
„საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აუცილებლად წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და მასთან ერთად ყველა ის პირი, რომელთა ფინანსური თუ სხვა ინტერესების გამო მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო ვერაგულად იქნა აფეთქებული“- აღნიშნა ბურჭულაძემ.