თბილისის საკრებულოს წევრმა, ნიკო კახეთელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ნგრევა მოხდა, მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რომელიც არ გულისხმობს შენობის შემოღობვას.
"ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. ეს შენობა არის 50-იანი წლების, როცა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები არ იხმარებოდა, შესაბამისად, ის პარაპეტი, რაც ჩამოინგრა, თავის დროზე არის დეკორაციისთვის გამოყენებული ელემენტი.
შენობა არის მესამე კატეგორიის. მესამე კატეგორია არ გულისხმობს, რომ შენობა უნდა შემოღობო, თუნდაც ის, რომ ადამიანები არ გადიან სახლიდან და იმას რას უღობავ?! ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც აქედან გასვლა არ უნდათ.
სამწუხაროდ, ასეთი შენობები თბილისის მერიას მემკვიდრეობით გადმოეცა. ასეულობით ასეთი შენობაა ქალაქში“, - აღნიშნა ნიკო კახეთელიძემ.
შეგახსენებთ, "სადგურის მოედნის" მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსის პარაპეტი ჩამოინგრა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.