თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის 2022-2023 წლების ანგარიში თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარადგინა. ამავე სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2023-2025 წლების  სამოქმედო გეგმა.

თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე  მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მზადების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმის შესამუშავებლად დედაქალაქის საკრებულოში სხვადასხვა დროს არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, საბჭო სამოქმედო გეგმის საფუძველზე შემუშავებული ღონისძიებების საშუალებით ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდას, ქალთა როლის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციას, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და სხვა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში საბჭოს მიერ ინიცირებულ ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია საინფორმაციო კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომლის მიზანი ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის შესახებ ცნობიერების გაზრდაა. კამპანია, საბჭოს ინიციატივით, „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს და მის ფარგლებში უკვე არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის „ვარდისფერი ოქტომბერი“, რომელიც მსოფლიოში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით აღინიშნება.

სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა ვრცლად ისაუბრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიებზე: „არა ქალზე ძალადობას“, „დუმილი გამოსავალი არ არის“, რომლებსაც საბჭო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე არსებულ თბილისის კრიზისულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. მისი თქმით,  სტუდენტებთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან  კამპანიის ფარგლებში  არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საბჭო ასევე ჩართული იყო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ  ბრძოლის 16-დღიან კამპანიაში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

,,საბჭო  ქალთა მიმართ ძალადობის,  ქალთა ონკოლოგიური დაავადებების,  სკრინინგის შესახებ ცნობიერების გაზრდისათვის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე  აქტიურად აგრძელებს მუშაობას.  დედაქალაქის გენდერული სტრატეგიის მიზნების, ამოცანებისა და პრინციპების აღსრულების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვისა და მზადების მიზნით გენდერული თანასწორობის საბჭო სახელმწიფო და კერძო უწყებებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. 

ჩვენ მზად ვართ,  მიზნების მისაღწევად  ნებისმიერ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო უწყებასთან აქტიურად ვითანამშრომლოთ’’, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მეშვიდე მოწვევის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი შემადგენლობა 2022 წლის 28 იანვრიდან საქმიანობს. დღეის მდგომარეობით საბჭო 28 წევრითაა წარმოდგენილი, მათ შორის 22 ქალი და 6 კაცია.