გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები 2024" სწავლა დაიწყო. მწვანე ბანაკი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატური პროგრამის მენეჯერმა თორნიკე ფულარიანმა გახსნეს.

ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ცნობიერება ისეთ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება; ტყის რესურსების მდგრადი მართვა და პრაქტიკული სამუშაო; ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეები; კატასტროფის რისკის შემცირება, მისი ძირითადი კონცეფცია და ტერმინები; უსაფრთხოების წესები კატასტროფების დროს; საფრთხეებისა და მოწყვლადობის შეფასება და რისკის განსაზღვრა.

მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე, 50-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში"  სამიზნე მუნიციპალიტეტებს.

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები” ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.