გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო. მწვანე ბანაკი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა გახსნეს.

ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ცნობიერება ისეთ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება; ტყის რესურსების მდგრადი მართვა და პრაქტიკული სამუშაო; ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეები; კატასტროფის რისკის შემცირება, მისი ძირითადი კონცეფცია და ტერმინები; უსაფრთხოების წესები კატასტროფების დროს; საფრთხეებისა და მოწყვლადობის შეფასება და რისკის განსაზღვრა.

მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე, შეირჩა 50 ახალგაზრდა, რომელთა საშუალო ასაკი 15 წელია. შერჩეული ახალგაზრდები წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" 13 სამიზნე მუნიციპალიტეტს.

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები” ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.