მთავრობის კანცელარიასთან თავისუფლების ინსტიტუტის, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და ტაბულას ორგანიზატორობით აქცია სახელწოდებით “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!” გაიმართა.

აქციის ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო ილუსტრაციები გააკრეს. მათი თქმით კიდევ ერთი წელი მიილია, რაც საქართველოს მოღალატე რეჟიმი მართავს და აუცილებელია იმ გზავნილის გაჟღერება, რამაც 2023 წელს ცვლილებების ძალა უნდა მოგვაკრებინოს.

 დღეს 2022 წლის ბოლო დღეა. 2022 წელი იყო კეთილის და ბოროტის ბრძოლის წელიწადი, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის ჭეშმარიტების მომენტი დადგა და ზუსტად ამ ჭეშმარიტების მომენტში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რისი ეჭვიც გვქონდა, რომ საქართველოს წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც ამ ჭეშმარიტების მომენტში კეთილისა და ბოროტის ბრძოლაში ბოროტის მხარეს დგას.

ამ აქციას ტყუილად არ ჰქვია "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?" – ეს არის ილია ჭავჭავაძის ძალიან ცნობილი წინასაახალწლო წერილი და დაახლოებით იგივე გზავნილი გვაქვს ჩვენც – რა გითხრათ, რით გაგახაროთ? საქართველოს წარმოადგენს ანტიდასავლური, პრორუსული რეჟიმი, რომელიც ასეთ ცალსახა ვითარებაში ბოროტების მხარეს დგას. ეს პირდაპირ უპირისპირდება თერგდალეულების, პირველი რესპუბლიკის, ჩვენი ეროვნული იდენტობის იდეას და ერთადერთი, რაც შეიძლება მოვიმოქმედოთ, არის, რომ ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს ამ ყველაფრის წინააღმდეგ და იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტოს, უნდა დაიჯეროს, რომ უკეთესს იმსახურებს. ჩვენი გზავნილიც წინასაახალწლოდ სწორედ ეს არის. ქართველ ხალხს ხშირად ლანძღავენ, აი, ისეთები ვართო... არა, პირიქით. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს და გვინდა, რომ 2023 წელი სწორედ ამ უკეთესის პოვნის წელიწადი იყოს, რათა უკეთესით დავამარცხოთ ეს უთავმოყვარეობა, აბსურდი, რაშიც დღეს ვცხოვრობთ – სადაც ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უმეცრება ძალაა". – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა

 

ზოგადად ძალიან დიდი რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ ადამიანებმა უიმედოდ და ნიჰილისტურად იგრძნონ თავი, რადგან ავტოკრატიების მთავარი მოკავშირე მოსახლეობის ასეთი განწყობაა. ჩვენი ახალი წლის გზავნილო გვინდა, რომ მეტად იმედიანი იყოს. ჩვენ გვინდა მოსახლეობას ვუთხრათ, რომ მიუხედავად ბევრი ობიექტურად მძიმე პრობლემისა, მათ შორის რუსეთის მეზობლად ყოფნისა, ჩვენ ასეთ ცუდ მდგომარეობაში ყოფნას არ ვიმსახურებთ. არ ვიმსახურებთ ივანიშვილის რეჟიმს, თუ როგორ საუბრობენ ისინი ოპონენტებთან, საკუთარ ამომრჩევლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან. ამ სტანდარტს, რომელიც ივანიშვილის სათამაშოებმა დაგვიყენეს, ქართველი ხალხი ნამდვილად არ იმსახურებს. აქ შემაჯამებელი აქცია- პერფორმანსი გვინდა იყოს იმის მთქმელი, რომ რაც ჩვენთან ხდება დღეს, ამას არ უნდა შევეჩვიოთ, ეს გამომდინარეობს ჩვენი მდგომარეობიდან და შეგვიძლია, რომ ბევრად უკეთ ვიყოთ. ამიტომ გვინდა რომ 2023 წელი იმედიანად დავიწყოთ და საკუთარ თავებში ვირწმუნოთ, რომ მინიმუმ ივანიშვილის რეჟიმზე უკეთესები ვართ” - სალომე ხვადაგიანი