თბილისის მერიას მიმართა მიცკევიჩის ქუჩის N4-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ და ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება ითხოვა.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს აღნიშნული 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდეს.
„სასიხარულოა, რომ მერიის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში, უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში. ამჯერად, დეველოპერთან ერთად, მოგვმართა მიცკევიჩის ქუჩის N4-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ და ითხოვა ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით, შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება. ეს საცხოვრებელი სახლი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს IV ხარისხის დაზიანების მქონე შენობას. კორპუსში ცხოვრობს 20-მდე ოჯახი და მათი მდგომარეობა, შენობის ავარიულობის გამო, დღითიდღე უარესდება.
აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავცეთ შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები, რათა განხორციელდეს აღნიშნული 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე კორპუსი აშენდეს, სადაც მესაკუთრეებს გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ მათი კუთვნილი ფართები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გამოიყენოს შესაძლებლობა და მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული პროგრამების განხორციელებაში.
ამასთან, კახა კალაძემ დღევანდელ სხომაზე დედაქალაქში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების პრობლემის მოგვარების მიზნით შექმნილ პროგრამებზე ისაუბრა.
„არაერთხელ მისაუბრია, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დედაქალაქში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლებია. მუნიციპალიტეტმა რამდენიმე წლის წინ წარმოადგინა პროგრამა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებმა ადამიანებმა გაიუმჯობესონ პირობები. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში ვახორციელებთ ავარიული სახლების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე კორპუსებით. შესაბამისად, მძიმე პირობებში მცხოვრებ ადამიანებს გადაეცემათ გარემონტებული, ყოველმხრივ მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები“, - აღნიშნა მან.
ამასთან, მერის თქმით, „თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე.
გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, წელს ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი მზადაა, ისტორიულ არეალებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ადამიანებისგან გამოსყიდოს ფართები, საბაზრო ღირებულებით.










