„ერთი კვირის განმავლობაში მუდმივი კონტაქტი მქონდა სასულიერო პირებთან და ისინიც განცვიფრებული იყვნენ, რა ხდებოდა საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ. ეს აჩვენებს, რა ძალა ჰქონდა ამ უდიდეს პიროვნებას. გარდა ამისა, დავინახეთ ხალხის განწყობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამას ვიცავთ ჩვენ. შეცდომების გარეშე ვერცერთი ხელისუფლება ვერ არსებობს.– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ქართულ მედიასთან განაცხადა.
"ბოლო წლების მოვლენებს კარგად თუ გადავავლებთ თვალს, ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ის უსმენს ხალხს და ისეთ ინსტიტუციებს, რომლებიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. ეს ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო – დღეს ერი და ბერი ერთად დგას და სწორედ ამას ვიცავთ.
ყველამ დაინახა, სად უნდა იყოს საქართველო, რას უნდა იცავდეს ქართველი ადამიანი და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა. აქ პოლიტიკური განსხვავება არ იყო, ეს იყო ეროვნული საკითხი – რომ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს მამულს, რწმენას, ენას, კულტურას და ტრადიციებს. ეს იყო გამოხატული ბოლო წლებში ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის მიერ. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო ვიბრძვით პოლიტიკურ ველზე. გუშინდელი ჩემი შეხვედრაც ამ თემებს ეხებოდა. რა თანხვედრა გვაქვს, რას იცავს სლოვაკეთი – ეროვნული ინტერესები, ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები. ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველა ქვეყანას აწუხებს, მით უმეტეს, პატარა ქვეყნებს.
არავის დავიწყებია, როგორ ებრძოდნენ პატრიარქს. გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც თავად პატრიარქი საუბრობს მასთან დაპირისპირებასა და ბრძოლაზე, როგორ უნდოდათ მაშინდელ ძალებსა და ხელისუფლებას ჩვენი სამოციქულო ეკლესიის დაკნინება. სწორედ ის ხალხი აკეთებდა ამას, ვინც დღეს ოპოზიციაში გაერთიანდა. პატრიარქის გარდაცვალების დღეებში გამოჩნდა, რომ ხალხის უმრავლესობა ერთგულია საკუთარი ეკლესიისა და სარწმუნოების. ვერასდროს ვერაფრით აკნინებდნენ ჩვენი პატრიარქისა და საპატრიარქოს ავტორიტეტს. საპატრიარქოს მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტზე მეტი ენდობოდა და მათთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორმე დაეზიანებინათ საპატრიარქოს ეს მაღალი მაჩვენებელი.
თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩვენი უწმინდესი გარდაიცვალა, ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რომ ვერ ვიცავდით ჩვენს პატრიარქს და საპატრიარქოს მაშინ, როდესაც შეურაცხყოფებს აყენებდნენ ეს ადამიანები ან მათი პარტნიორები. გაიხსენეთ გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი. წარმოუდგენელ რამეს აკეთებდა, პირდაპირ მხარს უჭერდა ოპოზიციას და თქვა, რომ თქვენი პრობლემა არის თქვენი რწმენა, საპატრიარქოო. ასეთი ადამიანები არიან კოლეგები ამ ახლად შექმნილი თუ ძველი რადიკალური ოპოზიციის. როგორ შეიძლება, საქართველოში ეჭვი შეეპაროს ვინმეს, რომ ესენი არ არიან ერთი ძალა?! საქართველოს მოქალაქემ როგორ უნდა მისცეს თავს უფლება, ამ რადიკალურ ფრთას გაჰყვეს ან მხარი დაუჭიროს?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დაწყებული გაქვს პოლიტიკური ველის გაჯანსაღების პროცესი, რაც არცთუ ისე ცუდად მიმდინარეობს. აუცილებლად უნდა არსებობდნენ განსხვავებული შეხედულების პარტიები, მაგრამ ეროვნულ პლატფორმაზე აუცილებლად უნდა იყვნენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.








