„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ ვგალობთ: „განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ მოისახა ჩვენზედა“. ამ დღესასწაულს კიდევ ეწოდება ღვთის განცხადება. უფალი იესო ქრისტე მიდის იორდანეზე, იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონანიე ცოდვილებს წყლით ნათლავდა. – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
"უფალს ცოდვები არ ჰქონდა, მაგრამ იგი მიდის წმინდა იოანესთან იმისთვის, რომ, როგორც თავად ბრძანებს, აღასრულოს ყოველი სიმართლე. თავდაპირველად, იოანე ნათლისმცემელი მას შეაჩერებს და ეუბნება, – მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ ჩემთან მოდიხარო? მაგრამ შემდეგ მიუშვებს და წარმოთქვამს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სიტყვებს: – აჰა, ტარიგი (კრავი) ღვთისა, რომელიც იტვირთავს კაცობრიობის ცოდვებს. რას ნიშნავს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეს სიტყვები? ეს ნიშნავს, რომ მესია და მხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზეც ამდენია ნათქვამი წმინდა წერილში, მოევლინა კაცობრიობას, დღეს მოვიდა და განეცხადა სოფელს. შემდეგ, როდესაც წმინდა იოანე ნათლავს იესო ქრისტეს და იტყვის მასზე, რომ ეს არის მესია, ზეცა გაიხსნება და მაღლიდან გაისმის მამა ღმერთის ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც ჩემთვის სათნოა.
აი, ასე მოხდა იორდანეს წყლებზე ყოვლადწმინდა სამების გამოცხადება და როგორც ტროპარშია ნათქვამი, „რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა“. აი, აქ ასევე გამოჩნდა და გამოვლინდა ყოვლადწმინდა სამების პირთა შორის ურთიერთობის საიდუმლოც, რომ სულიწმიდა ღმერთი მამისგან გამოდის, რომ იგი განკაცებულზე ღმერთში დაივანებს. გამოვლინდა ასევე, რომ ყოველი ადამიანის სულის გადარჩენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იესო ქრისტეში მამა ღმერთის ნებით და სულიწმიდის მადლით. ამიტომაც თავად უფალი იესო ქრისტე გვიბრძანებს ჩვენ, რომ ყოველი მორწმუნე უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამრიგად, ნათლისღების მადლი თავის თავში ატარებს ყოვლადწმინდა სამების მიუაჩრდილებელ ნათელს და ძალას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდებულ დღესასწაულს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენ კრძალულებით ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ იგი, დავემორჩილოთ ამ სიტყვებს, რომელიც მამაზეციერმა წარმოთქვა თავის მხოლოდშობილ ძეზე – ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის, მისი ისმინეთ. მოგვცეს უფალმა მადლი და ძალა, რომ მისი ვისმინოთ და მაშინ კურთხევა მუდამ იქნება ჩვენზე ყოვლადწმინდა სამების – მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.