ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ისაუბრა.

 მეუფის თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.

როგორც მეუფე იოანე ( გამრეკელი) განმარტავს, ეკლესია არჩევანის წინაშე დგას - გაიზიარონ პატრიარქის შემოთავაზება და დაეთანხმონ მას, როგორც მის ანდერძს, თუ უგულებელყონ ილია მეორის ანდერძი, რომ წლების განმავლობაში მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით და სახელით მოქმედებდა და პატრიარქს წარმოადგენდა.

მიტროპოლიტის განცხადებით, ახლა სერიოზული გამოცდის წინაშე დგას ეკლესია, სინოდი და ერი. როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი აღნიშნავს, უმრავლესობისთვის უმტკივნეულო იქნება, ეკლესია პატრიარქის არჩევანს დაეთანხმოს.

"ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი. წლების მანძილზე მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით მოქმედებდა, პატრიარქის სახელით და მან უკვე იცის არეალი საქმიანობის, დამოკიდებულებების, ურთიერთობების, გარკვეული გამოცდილება შეიძინა მან და ერი და ბერი შეეჩვია, რომ ის წარმოადგენდა პატრიარქს. უწმინდესმა მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენ შემოგვთავაზა თავისი არჩევანი. უწმინდესმა ასე აირჩია", - განაცხადა მიტროპოლიტმა.