მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.
ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.
საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.