86 წლის ასაკში გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი იოსებ გოგიჩაიშვილი. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
„მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი სოსოს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
იოსებ გოგიჩაიშვილი სხვადასხვა წლებში იყო გორისა და რუსთავის თეატრების მსახიობი. 1976 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“ (აგიტატორი, 1962), „შეხვედრა წარსულთან“ (აკია, 1966), „დათა თუთაშხია“ (ნიკიფორე ბუბუტეიშვილი, 1978), „ხსოვნა“ (1989), „თეთრი ბაირაღები“ (ზედამხედველი, 1990), „ღმერთო, რისი გულისთვის“ (უმადური, 2003) და სხვა.