ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გაეროში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის წარდგენას ეხმაურება.
მისი თქმით, ყველა რჩევას და რეკომენდაციას, საქართველო ეროვნული ინტერესების ფარგლებში გაითვალისწინებს.
„ჩვენი დელეგაცია ძალიან დეტალურად უყვება დამსწრე საზოგადოებას საქართველოში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით. თუ რაღაც მიკერძოებული აზრი არსებობს კონკრეტულ, რაღაც კანონებთან მიმართებით ჩვენ ვიხილეთ, ეს არის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დასაცავად. ვიხილეთ კომენტარები „ანტი ლგბტ პროპაგანდა“ კანონის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობის დასაცავად. ასევე, გამკაცრებული ზომები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ შეკრება - მანიფესტაციასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ თუ მომიტინგეების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქუჩა გადაკეტონ, მათ რა თქმა უნდა ქუჩა არ უნდა გადაკეტონ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოვიდეს, აპროტესტოს, რაც სურს და ამაზე მეტყველებს ჩვენი 13-წლიანი მმართველობა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მონაწილეობით მომზადებული დოკუმენტი, საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ, გაეროში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა. დისკუსიაში 110 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ








