სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდების მთავარი თხოვნა მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობა იყო.

როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, 7, 8 და 9 მარტს გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაგეგმილ სასამართლო პროცესებზე სახალხო დამცველი სტუდენტების წარმომადგენელი ვერ იქნება, თუმცა მას უფლება აქვს, პროცესს დააკვირდეს.

„დღეს, სახალხო დამცველის ოფისში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. მათი შეხედულებები მოვისმინე. ისინი ითხოვენ, რომ მათ გარშემო დაგეგმილ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველი აქტიურად ჩაერთოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავთანხმდით მათ. რაც შეეხება სტუდენტთა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, როგორ შეიძლება, ჩვენი პოზიცია ამის საწინააღმდეგო იყოს?

სახალხო დამცველის აპარატმა, თავის ანგარიშში, ის მოვლენები შეაფასა, რომლებიც 7-8-9 მარტს აქციებზე მიმდინარეობდა. ჩვენ სტუდენტებს ისიც ავუხსენით, რას გულისხმობს სახალხო დამცველის მანდატი. სახალხო დამცველი სასამართლოში ვინმეს წარმომადგენელი ვერ იქნება, მას შეუძლია, პროცესს დააკვირდეს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის განმავლობაში თვითონ ადვოკატი ვიყავი და ვაწარმოებდი საქმეებს, რომლებიც პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას ეხებოდა, სტუდენტებს გავაცანი მსგავს საქმესთან დაკავშირებული მოსალოდნელი შედეგები”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.