სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის ხასო ხანგოშვილის გარდაცვალების გამო.
„მწუხარებას გამოვთქვამ ბატონ ხასო ხანგოშვილის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ პანკისის ხეობისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მისი ღვაწლი ქისტებს, ქართველებს და ყველა სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს შორის ძმობისა და მეგობრობის განმტკიცებაში ფასდაუდებელია.
იგი იყო სამაგალითო ქისტიც და სამაგალითო ქართველიც. ნათელში იყოს მისი სული“, - წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.
პანკისელი უხუცესი იკვლევდა და წერდა კავკასიელი ხალხის, მათი ცხოვრებისა და ბრძოლის ისტორიაზე.
ხასო ხანგოშვილს ეკუთვნის ისტორიული ნარკვევი „ქისტები“, მისი რედაქტორობითაა გამოცემული „ქისტური სამართლის კოდექსი“.
2021 წელს, ქისტი მწერალი, საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზისთვის, ნაშრომით „ქისტები (100 ამბავი)“, „საბას“ პრემიაზე იყო წარდგენილი.