თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერალური ინსპექტორები შევიდნენ. როგორც გაირკვა დაახლოებით 2 წლის წინ ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი ექსპონატის სახით წამოიღეს. რომელიც ამ დროისთვის დაზიანებულია. თუმცა, ექსპონატების დაზიანების ფაქტს პრეზიდენტის მრჩევლის განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი უარყოფს.
მედიის კითხვაზე, გენინსპექციის შემოსვლა ხომ არ უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას და არის თუ არა ეს პოლიტიკური, კონსტანტინე ნაცვლიშვილი აცხადებს:
"პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელოვნების სასახლესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს. რაც ეხება ნამუშევრების ექსპონირების ვადებს, ვფიქრობ, ვადები ყველანაირად დაცული იყო, არანაირი დარღვევა არ ყოფილა.
ორბელიანების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობაა საქართველოში, ამიტომ ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს და რაიმე პრობლემას თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი.
იცით, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება და წარმოადგენს ან თავდასხმას, ან პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმის მცდელობას, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური." - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, "რაც ეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას, ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გამოიარეს. ისინი, თავის დროზე, დასაწყობებული იყო ამერიკაში, ამერიკიდან ჩავიდა პარიზში, პარიზიდან საქართველოში, იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული და აი ამ ათეულობით ნამუშევრიდან ხელოვნების სასახლის მიერ მხოლოდ 5 ნამუშევარი შეირჩა ორბელიანების სასახლეში გამოსაფენად. შესაბამისად, ის მცირედი დაზიანება, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად, დაზიანებული მოვიდა ჩვენს სასახლეში."